Archives

  • სახელმწიფო მმართველობის მოდელები: საქართველოს საკონსტიტუციო სინამდვილე და პერსპექტივა II ეროვნული კონფერენცია საკონსტიტუციო სამართალში მოხსენებების კრებული
    2016

    დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით უკვე მეორე წელია მართავს ეროვნულ კონფერენციას საკონსტიტუციო სამართალში. კონფერენციის მიზანია ქართული კონსტიტუციონალიზმისა და სამართლისათვის მნიშვნელოვანი საკითხების წინ წამოწევა, ანალიზი. მასში მონაწილეობას იღებენ პროფესორები, მკვლევარები, საკონსტიტუციო სამართლის ექსპერტები და ა.შ. რაც მთავარია, დიდია დაინტერესება სტუდენტებში, რომლებიც ძალზე აქტიურად მონაწილეობენ დისკუსიებსა და მოხსენებების განხილვებში.
    II ეროვნული კონფერენციის ზოგადი თემა იყო `სახელმწიფო მმართველობის მოდელები: საქართველოს საკონსტიტუციო სინამდვილე და პერსპექტივა~. კონფერენციის მოხსენებების ნაწილი კი წარმოდგენილია ამ
    კრებულში. ავტორთა ნააზრევი თითქმის პირვანდელი ფორმითაა მოცემული, რათა ნაშრომის ავთენტურობისა და მომხსენებელთა ორიგინალური სტილისთვის ზიანი არ მიგვეყენებინა.
    კრებულში წარმოდგენილია დიმიტრი გეგენავას, თამარ პაპაშვილის, პაატა ჯავახიშვილის, ზურაბ ჯიბღაშვილის, სალომე წურწუმიას, ზურაბ მაჭარაძის, ლანა ცანავასა და ეკა კაველიძის ნაშრომები. თითოეული მათგანი ორიენტირებულია იმ პრობლემებსა და აქტუალურ საკითხებზე, რომლებიც თანამედროვე ქართული პოლიტიკურ-სამართლებრივი სივრცისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
    დარწმუნებული ვარ, ნაშრომთა შინაარსი, სპეციფიკა და ავტორთა ინდივიდუალური, განსაკუთრებული ხედვა ძალიან ბევრ ადამიანს დააინტერესებს, დაეხმარება მკითხველს უკეთ გაერკვეს ზოგიერთი საკითხის შინაარსში, განსხვავებულად დაინახოს პრობლემა და რაც მთავარია, დაისახოს მისი გადაწყვეტის გზა.
    მადლობა მინდა გადავუხადო კონფერენციის ყველა მომხსენებელს, ასევე, ავტორებს, რომლებმაც თავიანთი მოხსენებები მოგვაწოდეს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი,
    რომელიც გვერდში უდგას ამ დიდ წამოწყებას და რომლის დახმარების გარეშეც კრებულს მატერიალური სახე ვერ მიეცემოდა.