ჟურნალის შესახებ

რთულია, წერო მასწავლებელზე, მით უმეტეს ისეთზე, ვინც არა მხოლოდ პროფესიულად, არამედ პიროვნულადაც ბევრი რამ შეგძინა. თამამად შემიძლია ვთქვა, – რომ არა გიორგი კვერენჩხილაძე, ძალიან ბევრი იურისტი არ ვიქნებოდით ისეთი, როგორიც ახლა ვართ.მართალია, ზოგადად იურისტებს არ გვიჭირს ბრძნადმეტყველება (მეტიც, ავად თუ კარგად ეს ჩვენი პროფესიაა), თუმცა ამ გამოცემისთვის წინათქმის დაწერა განსაკუთრებით რთულია: ერთი მხრივ, სათანადო პატივი უნდა მივაგო მასწავლებელს, მეორე მხრივ კი, გავიარო სახიფათო ზღვარზე – მისივე სიტყვებით რომ ვთქვა, ზედმეტი არ მომივიდეს, რადგან საყოველთაოდ ცნობილია, თუ როგორ არ უყვარს მსგავსი მიძღვნები. ამიტომაც გიორგი კვერენჩხილაძის საიუბილეო კრებულის წინათქმა არ იქნება მოცულობითი, თუმცა იქნება გულწრფელი, – მისსავე სტილში.ამ კრებულში წარმოდგენილია ძალიან საინტერესო ორიგინალური სტატიები და თარგმანები, რომლებიც საკონსტიტუციო სამართლისა და სამართლის მეთოდების საკმაოდ ფართო სპექტრს მოიცავს. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ სამართლით ოდნავ დაინტერესებული ვერცერთი ადამიანი დარჩება გულგრილი იმ ნაშრომებისადმი, რომლებსაც აქ იხილავთ.
უსასრულოდ შემიძლია გესაუბროთ გიორგი კვერენჩხილაძის პროფესიონალიზმზე, მასზე, როგორც არაჩვეულებრივ პროფესორზე, რომელმაც პირველივე ლექციაზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, რომ ჯერ კიდევ 16 წლის წინ, 2006 წლის ოქტომბერში,იქ, აუდიტორიაშივე ვიცოდი, რა მიმართულებას ავირჩევდი და როგორი იურისტი მინდოდა ვყოფილიყავი. კიდევ უფრო ვრცლად
შემიძლია აღვწერო მისი, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, მოღვაწეობა, პროფესიული პრინციპულობა და პირდაპირი მნიშვნელობით, შემოქმედება, რომელიც სასამართლო
აქტების სახით დარჩება ქართული სამართლის ისტორიაში. და მაინც, ყველა, ვინც მას იცნობს ან არ იცნობს, თუმცა გაუგია მასზე, ულაპარაკოდ ვთანხმდებით ერთ უმთავრეს რამეზე: გიორგი კვერენჩხილაძე ნებისმიერ ვითარებაში, ნებისმიერი გამოწვევისას რჩება ადამიანად და ადამიანისთვის ადამიანად ყოფნაზე დიდი ღირსება და გამარჯვება არ არსებობს. ეს გამოცემაც გიორგი კვერენჩხილაძისადმი აქ წარმოდგენილ სტატიათა ავტორების გულწრფელი დამოკიდებულებისა და პატივისცემის მცირე სიმბოლოა.


დიმიტრი გეგენავა
თბილისი, 2022 წლის ოქტომბერი

 

ISBN 978-9941-8-4937-4